აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა შვედეთისა და ფინეთის მიერ ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანას მხარი დაუჭირა.
როგორც მან თეთრ სახლში ფინეთის პრეზიდენტთან და შვედეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, დღეს ნატო აქტუალურია, ეფექტურია და უფრო საჭიროა, ვიდრე ოდესმე.
„დღეს მე ვამაყობ, რომ მივესალმები და ვთავაზობ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას ორი დიდი დემოკრატიისა და ორი ახლო პარტნიორის განაცხადებს, რათა შეუერთდნენ ყველაზე ძლიერ თავდაცვით ალიანსს მსოფლიოს ისტორიაში. ორი ამაყი დამოუკიდებელი ქვეყანა, რომლებიც ახორციელებენ თავიანთ სუვერენულ უფლებას, თავად გადაწყვიტონ საკუთარი უსაფრთხოება“, – განაცხადა ბაიდენმა.
მისი თქმით, აღნიშნული ქვეყნები უკვე აკმაყოფილებენ ნატოს ყველა მოთხოვნას.
„შვედეთი და ფინეთი უკვე არიან ჩვენს უახლოეს პარტნიორებს შორის მთელ რიგ საკითხებში. ფინეთისა და შვედეთის ჯარები უკვე მსახურობდნენ აშშ-ისა და ნატო-ს ძალების გვერდით კოსოვოში, ავღანეთსა და ერაყში. ფინეთი და შვედეთი უკვე მუშაობენ აშშ-სა და სხვა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კოორდინირებულად, მამაცი უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, რომელიც იცავს თავის თავისუფლებას რუსეთის ინტერვენციისგან“, – აღნიშნა შეერთებული შტატების ლიდერმა.