თეა წულუკიანი: არ მგონია, რომ გვარამიასთან საჭიროა ენის მოჩლექით საუბარი, სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებულია სისხლის სამართლის დანაშაული და მისჯილი აქვს სასჯელი
“არ მგონია, რომ ნიკა გვარამიასთან საჭიროა ენის მოჩლექით საუბარი. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებულია სისხლის სამართლის დანაშაული, მისჯილი აქვს სასჯელი”, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, განაჩენის მიხედვით, “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა სასჯელი უნდა მოიხადოს არა პირობითობის მიხედვით, არამედ – ციხეში.
„არ მგონია, რომ ნიკა გვარამიასთან საჭიროა ენის მოჩლექით საუბარი. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებულია სისხლის სამართლის დანაშაული, მისჯილი აქვს სასჯელი. მას აქვს კონსტიტუციური უფლება და გამოიყენებს კიდეც, რომ ეს განაჩენი გაასაჩივროს. განაჩენი ამბობს ასევე, რომ სასჯელი უნდა მოიხადოს არა პირობითობის მიხედვით, არამედ ციხეში. შესაბამისად, ის იქნა დაკავებული სასჯელის მოხდის მიზნით, ეს არის სამართლებრივი რეალობა. არ გამიკვირდება, რომ ის პირები, ვისთანაც თავის დროზე ჩვენ დავას ვაწარმოებდით სტრასბურგის სასამართლოში, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ამბობდნენ, რომ „რუსთავი 2“ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ნიკა გვარამიას არ ჰქონდათ მიტაცებული, დღეს ამბობენ, რომ ნიკა გვარამიას არ მიუტაცია „რუსთავი 2“ -ის კუთვნილი თანხები. რა თქმა უნდა ისინი ამას იტყვიან, მაგრამ რეალობა არის ის, რომ ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული. ეს დავა ჩვენ მოვიგეთ სტრასბურგის სასამართლოში, მე პირადად ვიყავი ამაში ჩართული. ფაქტები შეიძლება, ცოტა მეტად და კარგად ვიცოდე. შემდეგ, უკვე ჩვენ „რუსთავი 2“-ის დაბრუნება საჯარო რეესტრში განვახორციელეთ კანონიერი მესაკუთრისთვის, დღეს ვისმენთ, რომ არაფერი მომხდარა, მაგრამ ფაქტები არის ძალიან მძიმე“, – განაცხადა წულუკიანმა.