დავით ზალკალიანსა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველ დერეკ შოლეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს ელჩს, დავით ზალკალიანსა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველს, დერეკ შოლეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, – ამის შესახებ დავით ზალკალიანის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

საუბრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობას და დაადასტურეს მზაობა, აქტიურად იმუშაონ მისი შემდგომ გაღრმავების მიმართულებით, მათ შორის, მაღალი დონის მჭიდრო კონტაქტების გააქტიურების სახით. მხარეებმა განიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გეგმები, ასევე საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები და მადრიდის სამიტის მოლოდინები.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მხარეები მიესალმნენ და დადებითად შეაფასეს საქართველოს პრემიერმინისტრის მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა და ქართული მხარის მზაობა, შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, ამ კონტექსტში ხაზი გაესვა აშშ-ის ინტერესს ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფას.

ელჩმა მადლიერება გამოხატა საქართველო-აშშ-ის 30-წლიანი პარტნიორობის მანძილზე, აშშ-ის მნიშვნელოვანი წვლილისა და საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერისთვის, თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის კუთხით.

შეხვედრაზე ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები