იაგო ხვიჩია: სწორი წამალი „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლაა – მთავარია, მიხეილ სააკაშვილს ეყოს ძალა ასეთი გადაწყვეტილების მიღებისთვის
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის უკიდურესად აუცილებელია არა „ვივამედში“ გადაყვანა, არამედ – „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა, ეს არის რეცეპტი, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” მიხეილ სააკაშვილის საკუთრებაა და პარტიის დაშლის შესახებ გადაწყვეტილება სწორედ მან უნდა მიიღოს.
“ეს პარტია მიხეილ სააკაშვილის საკუთრებაა. შესაბამისად, მისი გადასაწყვეტია მისი საკუთრების განკარგვასთან დაკავშირებული ნებისმიერი ღონისძიება, მათ შორის, დაშლა. აქედან გამომდინარე, მთავარი არ არის „ნაცმოძრაობის“ დაშლა, მთავარია – მიხეილ სააკაშვილს ეყოს ძალა ასეთი გადაწყვეტილების მიღებისთვის. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის უკიდურესად აუცილებელია არა „ვივამედში“ გადაყვანა, არამედ – „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა, ეს არის რეცეპტი. არ ვიცით, ყველა წამალი, საბოლოოდ, განკურნავს თუ არა, მაგრამ სწორი წამლის დანიშვნა პირველი გზაა გამოჯანმრთელებისთვის. სწორი წამალი „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლაა, ეს როგორ იმოქმედებს, ვნახოთ, მაგრამ თუ წამალს არ დალევ, ისე ვერ გამოჯანმრთელდები”, – განაცხადა ხვიჩიამ.