დღეს თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმეზე მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება.
სააკაშვილის სასამართლო პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული. სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომას არ დაესწრება.
გამოძიება მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვას ედავება. კერძოდ, 2009 წლის 1 მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის დავალებით და ორგანიზებით, მისი პირადი მიზნებისთვის, აღნიშნული თანხიდან არამიზნობრივად დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367 ლარი.
თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.