რატი ბრეგაძე: სახალხო დამცველს წერილობითი კითხვებით მივმართეთ, რაზეც წერილობითი პასუხი არ მიგვიღია, ამის ნაცვლად მივიღეთ შეთავაზება, რომ შედგეს შეხვედრა
ჩვენ არ გვითქვამს, რომ უნდობლობას ვუცხადებთ ექიმებს. ჩვენ დავსვით კითხვა. თუ უნდა ეს სახალხო დამცველს, როგორც ამბობენ, მათ აქვთ სააკაშვილისგან წერილობითი თანხმობა, მაშინ მოვუწოდებ, რომ გაასაჯაროონ ის წერილობითი კითხვები, რომლითაც მივმართეთ, გახდეს საზოგადოებისთვის ცნობილი და ამაზე იმსჯელოს სამედიცინო საზოგადოებამ, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატს 30 აპრილს წერილობითი კითხვები გაეგზავნა, რომელზეც იუსტიციის მინისტრს პასუხები არ მიუღია.
“30 აპრილს სახალხო დამცველის აპარატს გავუგზავნეთ წერილობითი კითხვები. სამწუხაროდ, ჩვენ არ მიგვიღია წერილობით დასმულ კითხვებზე წერილობითი პასუხები. ამის ნაცვლად, მივიღეთ შეთავაზება, რომ შედგეს შეხვედრა. ამას გადაწყვეტენ ექიმები. თუ იქნება ამის საჭიროება, ეს შეხვედრაც შედგება. თუკი ვინმე არის დაინტერესებული სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, პირველ ყოვლისა, ეს ვართ ჩვენ.
ჩვენი კითხვები შეეხებოდა მათ მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის არასაჯარო ნაწილს და ჩვენ მივმართეთ შესაბამისი ფორმით. თუ ეს უნდა სახალხო დამცველს, შეუძლია მას, გაასაჯაროოს ჩვენ მიერ დასმული კითხვები და იმსჯელოს შემდგომში სამედიცინო საზოგადოებამ. ჩვენ გვჭირდებოდა წერილობითი პასუხები. თუ ამაზე არ გაგვცეს პასუხი, ბუნებრივია, ჩვენი სამედიცინო პერსონალი და დეპარტამენტი იმსჯელებს იმაზე, რამდენად საჭიროა შეხვედრის ჩატარება“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.