ილია დარჩიაშვილი: საქართველო კითხვარის მეორე ნაწილს ევროკომისიას 10 მაისისთვის გადასცემს

საქართველო კითხვარის მეორე ნაწილს ევროკომისიას 10 მაისისთვის გადასცემს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ კითხვარის მეორე ნაწილზეც მუშაობა დაასრულა და აღნიშნული დოკუმენტი მხოლოდ ტექნიკურ ნაწილში საჭიროებს მომზადებას.

„საქართველომ დაასრულა კითხვარის მეორე ნაწილზეც მუშაობა. აღნიშნული დოკუმენტი მხოლოდ ტექნიკურ ნაწილში საჭიროებს მომზადებას და ვგეგმავთ, რომ 10 მაისისთვის ევროკომისიას გადასცეს კითხვარის ბოლო ნაწილი. როგორც ცნობილია, კითხვარის მეორე ნაწილი უფრო მეტად ტექნიკურ-სექტორული ხასიათის იყო, რომლის მომზადებაშიც საკმაოდ დიდი ძალისხმევა გაიწია. მინდა, ყველა სახელმწიფო უწყებას, ვინც იღებდა მონაწილეობას ამ მნიშვნელოვან პროცესში, მადლობა გადავუხადო.

შემდგომი პროცედურა, რომელიც დაიწყება, არის უკვე ევროკომისიის მხრიდან, რომელმაც შესაბამისი დასკვნა უნდა მოამზადოს აღნიშნულ დოკუმენტზე. ჩვენ დაველოდებით ევროკომისიის პოზიციას, რომელიც უნდა მომზადდეს საქართველოს მიერ გადაცემულ კითხვართან დაკავშირებით“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები