მარინა ენდელაძე: თენგიზ ცერცვაძე ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს – მე ვიცი, რომ ჩვენს კლინიკაში არანაირი დარღვევა არ არსებობს
“ბატონი თენგიზი ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს”, – ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბარში ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი, მარინა ენდელაძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ თანამდებობა დატოვა.
„ჩემთვის ეს წარმოუდგენელია, ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. ბატონი თენგიზი ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს. გუშინ საღამოს გვქონდა შეხვედრა, მოვახსენე პაციენტების მდგომარეობის შესახებ, რაზეც დაინტერესებული იყო. მოგვცა შესაბამისი მითითებები.
ძალიან კარგი განწყობითაა ჯანდაცვის მინისტრის მიმართ. ჩემი ინფორმაციით, ყოველთვის კმაყოფილი და კარგი განწყობით იყო. მე ვიცი, რომ ჩვენს კლინიკაში არანაირი დარღვევა არ არსებობს”, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.