თამთა თოდაძე: იმედს დავიტოვებ, რომ 20 მაისს ჩანიშნული პროცესი საბოლოო იქნება და განაჩენი მალე დადგება

იმედს დავიტოვებ, რომ 20 მაისს ჩანიშნული პროცესი საბოლოო იქნება და განაჩენი მალე დადგება, – ამის შესახებ დაზარალებულმა, თამთა თოდაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც დღეს ისნის ყოფილ დეპუტატ ილია ჯიშკარიანისთვის მოსამართლეს განაჩენი უნდა გამოეტანა, თუმცა პროცესი გადაიდო.

როგორც თოდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლო პროცესები უკვე მესამე წელია, გრძელდება და მისთვის მარტივი არ არის.

“ჩემს კაბაზე აღმოჩენილია ილია ჯიშკარიანის დნმ, რაც ადასტურებს ჩემი მისამართით მის მიერ განხორციელებულ ძალადობას. ძალიან ვწუხვარ, რომ დღევანდელი პროცესიც გადაიდო, იმიტომ, რომ ყოველ ჯერზე მაქვს იმის მოლოდინი, რომ ეს ბოლო პროცესი იქნება. რეპლიკა მოვისმინე ბრალდებულის მხრიდან, რომ გამაწვალეს, პროცესის გადადებით ძალიან დავიღალეო და რეალურად მე უფრო დავიღალე იმ ყველაფრით იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ჩემზე მიმართული, ნერვების მომშლელია. ანუ მარტივი არ არის. უკვე მესამე წელი გახდება, რაც ეს სასამართლო პროცესები გრძელდება. თუმცა იმედს დავიტოვებ, რომ 20 მაისს ჩანიშნული პროცესი საბოლოო იქნება და განაჩენი მალე დადგება”,- განაცხადა თამთა თოდაძემ.

შეგახსენებთ, გამოძიება ისნის რაიონის საკრებულოს ყოფილ მაჟორიტარ-დეპუტატ ილია ჯიშკარიანს მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებულ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებასა და ძალადობას ედავება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები