ბექა დავითულიანი – მიხაილო პოდოლიაკის განცხადებაზე: თავის საქმეს მიხედონ

“ტყუილად ნუ ცდილობენ, კეთილგანწყობილი მეგობარი ხალხი გაანაწყენონ”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა დავითულიანი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას.

დავითულიანის თქმითვე,  უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადება არასერიოზულია.

“ტყუილად ნუ ცდილობენ, კეთილგანწყობილი მეგობარი ხალხი გაანაწყენონ და წარმოშვან კითხვები ჩვენს ურთიერთობებში. დღეს, იმ პირობებში, როდესაც უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ნატო-ს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რუსეთთან კავშირში და მათი ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს და საქართველოს, მის მეგობარ ქვეყანას, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რა ბერკეტიც გააჩნია, ასე უაპელაციოდ და უპასუხისმგებლოდ ადანაშაულებს, უბრალოდ, არასერიოზულად აღიქმება. თავის საქმეს მიხედონ ურჩევნიათ, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ეს ქვეყანა – მე მინდა, გამარჯვება ვუსურვო”, – აცხადებს ბექა დავითულიანი.

​ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა „ამერიკის ხმასთან“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: „ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის და, რა თქმა უნდა, არა ხალხის პოზიცია სრულებით აშკარად უპირისპირდება დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას. საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება ბატონ ივანიშვილს, რომელიც მკაფიოდ წარმოდგენილი რუსი ოლიგარქია და, სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია, აქვს გავლენა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო, ცოტა არ იყოს, უცნაურად უყურებს უკრაინაში ომს. არ იკავებს ისეთივე მკაფიო და არაორაზროვან პოზიციებს, როგორიც აქვს ევროკავშირის ქვეყნებს და შეერთებულ შტატებს. რაც შეეხება დაზვერვის მონაცემებს, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია [რუსეთის] მიმდინარე მოლაპარაკებებზე სხვადასხვა ქვეყნებთან, იქნება ეს ბელარუსი და რუსეთი, საქართველო და რუსეთი, თუ სომხეთი და რუსეთი. ჩვენი საგარეო დაზვერვა აკონტროლებს ამ ყველაფერს”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები