შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა წითელ ხიდზე, სასაზღვრო სექტორის “ვახტანგისის” დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად აზერბაიჯანის რესპუბლიკის ორი მოქალაქე 1998 წელს დაბადებული უ. ტ. და 1989 წელს დაბადებული ე. მ. დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მათივე ცნობით, მათ ბრალად საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთა, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და შემოტანა ედებათ.
დანაშაულები 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და მართლსაწინააღმდეგოდ შემოიტანეს 10 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.