მშობლების ჯერ მკვლელობისა და შემდეგ კვალის დაფარვის მიზნით სახლის დაწვის საქმეზე დაკავებულის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
გიორგი ბეროზაშვილის მიმართ, რომელმაც მძინარე მშობლები ზაზა ბეროზაშვილი და ლალი თავაძე ჯერ მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზეა ჩანიშნული.
პროკურატურა დაკავებულისთვის პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს, უცნობია, თუ რა პოზიცია ექნება დაცვის მხარეს, ვინაიდან დაკავებულის ადვოკატი ჟურნალისტებთან კომუნიკაციაზე უარს აცხადებს.
ცნობისთვის, ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი 27 აპრილს მოხდა, რომელსაც წინ მკვლელობა უძღოდა.
შსს-ს ცნობით, ზაზა ბეროზაშვილისა და ლალი თავაძის ცხედრებს, რომლებიც ხანძრის შემდეგ იპოვეს, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ.