იაგო ხვიჩია: სააკაშვილის გარეთ გამოსვლა დღევანდელი მოცემულობით წარმოუდგენლად ჩანს
სააკაშვილის გარეთ გამოსვლა დღევანდელი მოცემულობით წარმოუდგენლად ჩანს. ოჯახმა კი არა, ვინც გინდა, იმან მოითხოვოს, ითხოვენ ისეთ რამეს, რასაც „ქართული ოცნების“ ლიდერები თავიანთ ამომრჩეველს ვერ აუხსნიან, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილის გათავისუფლების ყველაზე მოკლე გზა „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლაა.
“თუ მართლა გვინდა, სააკაშვილი იყოს გარეთ, ამის ყველაზე მოკლე გზაა „ნაცმოძრაობის“ დაშლა. ეს აწყობს ყველას – „ნაცმოძრაობას“, მის ლიდერებს, მიხეილ სააკაშვილს, ქართველ ხალხს, ყველას „ქართული ოცნების“ გარდა, რადგან მან უნდა მოუფიქროს ახალი თამაში და ვერ გააგრძელებს ზიზღსა და დაპირისპირებაზე აგებულ კამპანიას. „ნაცმოძრაობის“ ლიდერებმა რა უნდა ქნან? – ახალი ცხოვრების დაწყება სცადონ. ახლა ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ დღეში არიან? – მათ ნებას განსაზღვრავს მიხეილ სააკაშვილის ნება, რომელიც პატიმარია და როცა პატიმარი მართავს დეპუტატებს, არ არის ჯანსაღი პროცესი და საქართველოს პარლამენტს ეტყობა, რომ არ ვართ ჯანსაღ პროცესში. რა თქმა უნდა, ეს მარტო „ნაცმოძრაობის“ დამსახურება არ არის, მაგრამ ერთ-ერთი ფაქტორია,“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის ოჯახი მისი საზღვარგარეთ გადაყვანისთვის ხელისუფლებას დროს ორშაბათამდე, 2 მაისამდე აძლევს.