საქართველოს პარლამენტი ღია მმართველობის გამოცდილებას, მოროკოს პარლამენტს გაუზიარებს
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის წევრი გივი მიქანაძე შეხვდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პარლამენტის მხარდამჭერი პროექტის განყოფილების წარმომადგენლებს ალესანდო მანჩინისა და გრაცია სინიოს.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ევროპის საბჭო მოროკოში ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს ღია მმართველობის საბჭოს შექმნის ხელშემწყობ პროექტს.
“შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს პარლამენტის გამოცდილებას ამ მიმართულებით. გივი მიქანაძემ გააცნო ის ძირითად მიმართულებები, რაც პარლამენტის სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობას, პარლამენტის ღიაობას, გამჭვირვალეობასა და მოქალაქეთა ჩართულობას ეხება.
ევროპის საბჭოს წარმომადგენლებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს პარლამენტის გამოცდილებას და გამოთქვეს სურვილი საქართველოს წარმატებული პრაქტიკა აისახოს მათ კვლევაში. ასევე გამოითქვა სურვილი საქართველოს გამოცდილების გაზიარების მიზნით განხორციელდეს გაცვლითი ვიზიტები პარლამენტის წევრებისთვის.
მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე და ამ მიმართულებით ახლო მომავალში დამატებითი ინფორმაციის გაცვლასა და ვიზიტების ორგანიზებაზე”,- ნათქვამია ინფორმაციაში.