აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ღიაა კიევსა და მოსკოვს შორის სამშვიდობო შეთანხმებისადმი, რომელიც უკრაინის ნეიტრალიტეტს გულისხმობს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია „ვაშინგტონ პოსტზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ თუ უკრაინა რუსეთთან შეთანხმებას გააფორმებს და კონფლიქტის დასრულების მიზნით უარს იტყვის ნატო-ში გაწევრიანებაზე, შეერთებული შტატები ამგვარ გადაწყვეტილებას პატივს სცემს.
„მათი გადასაწყვეტია. ჩვენ არ ვაპირებთ ვიყოთ უკრაინელებზე მეტად უკრაინელები“, – განაცხადა ბლინკენმა.
აღნიშნული კომენტარი აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც სენატორმა რენდომ პოლმა მას ჰკითხა, განაპირობა თუ არა უკრაინის ნატო-ში გაწერიანებისადმი აშშ-ის მხარდაჭერამ რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყება.
ბლინკენმა უარყო სენატორის იდეა და აღნიშნა, რომ ეს ეხებოდა არა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას, არამედ პუტინის რწმენას, რომ უკრაინა „არ იმსახურებს იყოს სუვერენული დამოუკიდებელი ქვეყანა და უნდა დაუბრუნდეს რუსეთს“.