თეა წულუკიანი: დავით ხიდაშელი ამბობს, რომ შეხვედრა პრემიერმინისტრთან არ შემდგარა და მოცემული ბიზნესმენი გადამისამართდა ბიზნესწრეებთან, როგორც ეს ყველა ნებისმიერი ბიზნესმენის შემთხვევაში ხდება ხოლმე
დავით ხიდაშელი ამბობს, რომ შეხვედრა პრემიერმინისტრთან არ შემდგარა და მოცემული ბიზნესმენი გადამისამართდა ბიზნეს-წრეებთან, როგორც ეს ყველა ნებისმიერი ბიზნესმენის შემთხვევაში ხდება ხოლმე, – ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ვიცეპრემიერის თქმით, ატეხილი აჟიოტაჟი მიზნად საქართველოს მთავრობის დისკრედიტაციას ისახავს.
„ეს ყველაფერი, რა აჟიოტაჟიც არის ატეხილი ამ ვითომ რეალურ ჩანაწერთან დაკავშირებით, რომც დავუშვათ, რომ ეს ჩანაწერი რეალობას ასახავს, ის აჟიოტაჟი, რომელიც თქვენ ატეხეთ და თქვენი მომხრეები ტეხენ, გულისხმობს და მიზნად ისახავს კვლავ და კვლავ იმას, რომ ხავსს ეჭიდებით და ცდილობთ წარმოაჩინოთ საქართველო, მისი ხალხი და რაც ასევე ხაზგასმულია ხოლმე თქვენი მხრიდან, ამ ქვეყნის მთავრობა, შეგახსენებთ, დემოკრატიული წესით ხალხის მიერ არჩეული, რომ თითქოს ეს მთავრობა არის ხელშემწყობი გარკვეული ნეგატიური პროცესებისა უკრაინის მიმართ და იმ უბედურების კონტექსტში, რაც უკრაინაში ტრიალებს, თქვენ ცდილობთ წარმოაჩინოთ, რომ თქვენი ქვეყნის მთავრობა არის თქვენთვისვე საძრახისი საქციელით დაკავებული. ეს ხდება, მეტი არაფერი. სინამდვილეში ჩვენ ვნახეთ, რომ ბატონმა დავით ხიდაშელმა, რომელიც, როგორც რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნებული თავისივე განცხადებიდან ირკვევა, ამ ურთიერთობების მონაწილეა ბატონ ევტუშენკოვთან და შუამავლობდა იმისთვის, რომ მოცემული ბიზნესმენი მისივე გავლით საქართველოში დაკავშირებულიყო სხვადასხვა წრეს. ასევე, ბატონი დავითი და მადლობა მას ამ განცხადებისთვის, რამაც სინათლე შეიტანა ფაქტებში, ამბობს, რომ ეს შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან არ შემდგარა და მოცემული ბიზნესმენი გადამისამართდა ბიზნეს-წრეებთან, როგორც ეს ყველა ნებისმიერი ბიზნესმენის შემთხვევაში ხდება ხოლმე. ამ ყველაფრის ფონზე ვხედავთ ასევე სხვა განცხადებებს, ერთის მხრივ ცრუ აჟიოტაჟი, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, არაფრის გამო ამტყდარი და მეორეს მხრივ, უკვე ტრადიციად ქცეული ბატონი არესტოვიჩის შეურაცხმყოფელი განცხადებები, რომელიც უკვე პრაქტიკულად, ბოლომდე გშიფრავთ თქვენ და თქვენს მხარდამჭერებს და ამბობს, რომ ჩვენ, საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა, სწორედ იმიტომ ვართ მავანისთვის მიუღებელი, რომ ჩვენ არ ვართ ომის ადამიანები და არ ვიწყებთ ომს ჩვენივე ქვეყანაში იმისთვის, რომ რუსეთის ყურადღება და სამხედრო ძალები გადანაწილდეს უკრაინასა და სხვა ფრონტებს შორის“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.