საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ მარიუპოლში სასწრაფოდ უნდა შეიქმნას საევაკუაციო დერეფნები ცეცხლის შეწყვეტის გარანტიებით.
„ჰუმანიტარული დახმარების მიმწოდებელთათვის თავისუფალი და უსაფრთხო წვდომა უნდა იყოს უზრუნველყოფილი ადამიანის უფლებათა ძირითადი პრინციპებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად“, – განაცხადა ბორელმა.
ამასთან, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი მიესალმა უკრაინის მცდელობებს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის დიპლომატიური გადაწყვეტის პოვნის მიმართულებით, თუმცა აღნიშნა, რომ რუსეთი არ პასუხობს ამ ძალისხმევას.
„კვირების განმავლობაში მსოფლიო რუსეთის მიერ მარიუპოლში სასტიკი, უკანონო თავდასხმის მოწმე გახდა, რამაც გამოიწვია ქალაქის ფართომასშტაბიანი განადგურება, მათ შორის სისასტიკე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ქალაქის ათასობით მკვიდრი დეპორტირებულია რუსეთში ან იძულებით გადაასახლეს უკრაინის სახელმწიფოს მიერ არაკონტროლირებად რაიონებში“, – აღნიშნა ბორელმა.
მანვე დასძინა, რომ მარიუპოლში ამ დრომდე რჩება 100 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 1 000-მდე პირი თავს „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხანაში აფარებს და მათ იცავს უკრაინის შეიარაღებული ძალები.