კახა კახიშვილი: თუ ვინმეს დღეს არ აწყობს, რომ რამე ცუდი მოხდეს ციხეში, ეს არის საქართველოს ხელისუფლება, რადგან ძალიან კარგად ესმის, რომ პასუხისმგებლობა მას აკისრია სააკაშვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე

თუ ვინმეს დღეს არ აწყობს, რომ რამე ცუდი მოხდეს ციხეში, ეს არის საქართველოს ხელისუფლება, რადგან ძალიან კარგად ესმის, რომ პასუხისმგებლობა მას აკისრია სააკაშვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ უმრავლესობის დეპუტატმა, სასჯელაღსრულების ყოფილმა მინისტრმა, კახა კახიშვილმა განაცხადა.

როგორც მან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას აღნიშნა, პატიმრის გადაყვანას საზღვარგარეთ იუსტიციის მინისტრი არ წყვეტს.

კახიშვილის განცხადებით, მისი მინისტრობის პერიოდში, იმ შემთხვევაში, თუკი ციხის პირობებში მკურნალობა შეუძლებელი იყო, სასჯელაღსრულების სამინისტროს პატიმარი სხვა საავადმყოფოში გადაჰყავდა.

„გეტყვით, როგორც ყოფილი მინისტრი  და არა – როგორც პოლიტიკოსი: რიგითი პატიმარი, რომ არ არის სააკაშვილი, ეს ყველასთვის გასაგებია – ის იყო საქართველოს პრეზიდენტი ორი ვადით და ბუნებრივია, ყურადღების ეპიცენტრშია. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მინისტრი არ წყვეტს პატიმრის საზღვარგარეთ გაშვება-არგაშვების საკითხს. თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაა, ან სასჯელის გადავადება უნდა მოხდეს, ამ შემთხვევაში ამას სასამართლო წყვეტს, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე. ეს მინისტრის გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ ის და დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები არიან პასუხისმგებელი მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. ძალიან კარგად გრძნობს მინისტრი და ხელმძღვანელი პირები პასუხისმგებლობას და ამის შესახებ განცხადება არაერთხელ გააკეთეს. თუ ვინმეს დღეს არ აწყობს, რომ რამე ცუდი მოხდეს ციხეში, ეს არის საქართველოს ხელისუფლება, რადგან ძალიან კარგად ესმის, რომ პასუხისმგებლობა მას აკისრია სააკაშვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე.

ძალიან ბევრი თავი უნდა გქონდეს, რომ ადამიანს რაღაცა სჭირდებოდეს და ის სერვისი არ მიაწოდო, უარს ჩვეულებრივ პატიმარსაც კი არავინ ეუბნება. როდესაც სჭირდებოდათ გადაყვანა – გადაჰყავდათ, რომ პრობლემა არ შეჰქმნოდა ადამიანს და შემდგომ პასუხისმგებლობა ხელისუფლებას არ დაკისრებოდა. ახლა როგორ ფიქრობთ, ყოფილი პრეზიდენტის პირობებში ეს არ იციან? არცერთი ადამიანი, მათ შორის მინისტრი არ აიღებს თავის თავზე პასუხისმგებლობას, რომ ადამიანს რაღაცა სჭირდება და უარს აცხადებდეს პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე. ყველამ კარგად ვიცით, რომ ყველაფერი დროებითია, არც თანამდებობა არის მუდმივი. ამიტომ, არავის აქვს სურვილი, რომ ლაქა ჰქონდეს ცხოვრებაში“, – განაცხადა კახიშვილმა.

წყარო :პალიტრანიუსი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები