ავსტრიის კანცლერმა ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრიაში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია
საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე ავსტრიის რესპუბლიკის მხარდაჭერის მნიშვნელობა და საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკის პარტნიორობის შემდგომი გაღრმავება იყო საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერის, კარლ ნეჰამერის სატელეფონო საუბრის მთავარი განსახილველი საკითხები.
ირაკლი ღარიბაშვილმა და კარლ ნეჰამერმა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოსა და უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე მოსაზრებები და ინფორმაცია გაცვალეს.
პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო აგრძელებს უკრაინელი მეგობრების როგორც ჰუმანიტარულ, ისე, პოლიტიკურ მხარდაჭერას ორმხრივ და მრავალმხრივ დონეზე. მთავრობის მეთაურმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერთან ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და ევროკავშირში წარდგენილ გაწევრიანების განაცხადზე ისაუბრა.
პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ ევროკომისიისგან საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი მიიღო და საქართველოს მიერ შევსებული კითხვარი ევროკავშირს მაისის თვეში გადაეცემა. ირაკლი ღარიბაშვილმა ევროინტეგრაციის გზაზე პარტნიორობის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და იმედი გამოთქვა, რომ წევრობისკენ მიმავალ გზაზე ავსტრიის რესპუბლიკა საქართველოს გვერდით იდგება.
პრემიერმინისტრმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერს საქართველოს ევროინტეგრაციის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ავსტრიის კანცლერმა საქართველოს პრემიერმინისტრი ავსტრიაში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია.