კელი დეგნანი N16 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა საცხოვრებელ პირობებსა და არსებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო

“საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი N16 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა საცხოვრებელ პირობებსა და არსებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო”, – ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ელჩი პირადად გაესაუბრა მსჯავრდებულებს და მათი საცხოვრებელი პირობების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

“სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი – ნიკა ცხვარაშვილი, აშშ-ის ელჩ კელი დეგნანსა და საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) წარმომადგენლებთან ერთად, N16 დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებას ეწვია.

სტუმრები დეტალურად გაეცნენ მსჯავრდებულთა საცხოვრებელ პირობებს, დაწესებულებაში არსებულ ინფრასტრუქტურას, მათ შორის გრძელვადიანი და მოკლევადიანი პაემნებისათვის განკუთვნილ სივრცეებსა და მიმდინარე და დაგეგმილ სარეაბილიტაციო პროგრამებს. მოინახულეს ტერიტორიაზე არსებული ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი, ასევე, სამკერვალო სივრცე, ხისა და ტყავის საამქროები, სადაც მსჯავრდებულები სხვადასხვა ნივთებს ამზადებენ და მათი რეალიზაციიდან შემოსული თანხა მათი შემოსავლის წყაროა.

აშშ-ის ელჩმა დაათვალიერა დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული პურის საცხობი, სადაც მსჯავრდებულები არიან დასაქმებულნი და დამზადებული პროდუქციის რეალიზება პენიტენციურ დაწესებულებებში ხორციელდება. მან, ასევე, მოინახულა მსჯავრდებულთა კულინარიის ტრენინგ-კურსებისთვის გამოყოფილი, თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი სამზარეულო.

ელჩი პირადად გაესაუბრა მსჯავრდებულებს და მათი საცხოვრებელი პირობების შესახებ მოისმინა ინფორმაცია.

ვიზიტის ფარგლებში, ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიურომ (INL), N16 პენიტენციურ დაწესებულებას მეტალოდედექტორი გადასცა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკა ცხვარაშვილმა ამერიკის საელჩოსა და აშშ-ის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) პენიტენციური სისტემის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობის ფარგლებში, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები