ჯეიმს აპატურაი: უახლოესი პარტნიორების მხარდასაჭერად მეტი უნდა გავაკეთოთ, მათ შორის, საქართველოში

“მადრიდის სამიტის დროს ველოდები, NATO-ს წევრი ქვეყნების მთავრობები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ, რომ NATO-ს კარი ღიაა და ღიაა საქართველოსთვის”, – ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩემი შემცვლელი, სპეციალური წარმომადგენელი – ხავიერ კალომინა მომავალ კვირაში იქნება საქართველოში. აქ ვიმყოფები NATO-ს ქვეყნების მთავრობების გადაწყვეტილების ფარგლებში, რომლის მიხედვითაც, ჩვენ უნდა გავაკეთოთ მეტი საქართველოსა და ევროპაში სხვა პარტნიორების მხარდასაჭერად ამ ძალიან რთულ გარემოში“, – აღნიშნა აპატურაიმ.

NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე უკრაინის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ალიანსი მაქსიმალურს აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთზე ზეწოლისთვის.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ, ისევე – როგორც ყველა NATO-ს ქვეყანამ, გააძლიეროს კიბერუსაფრთხოება.

“ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმალურს უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთზე ზეწოლისთვის, რომ ეს ომი შეჩერდეს. ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ მოვახდინოთ რუსეთის დიპლომატიური იზოლაცია, თუმცა ამასთან, NATO-ს ქვეყნებმა გადაწყვიტეს, რომ უახლოესი პარტნიორების მხარდასაჭერად მეტი უნდა გავაკეთოთ, მათ შორის, საქართველოში. სწორედ ამიტომ, ვარ აქ, რათა განვიხილო კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდული უსაფრთხოების სფეროები, ენერგოუსაფრთხოება. კიბერთავდასხმები იყო უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ნაწილი ვიდრე დაიწყებოდა სამხედრო მოქმედებები და ის აგრძელებს კიბერთავდასხმებს სამხედრო მოქმედებების დროსაც“, – განაცხადა აპატურაიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები