ყალბი დოკუმენტის დამზადებისა და სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადებისა და დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უცხო ქვეყნის მოქალაქის საკუთრებაში რიცხული, თბილისში, სოფელ დიღომში მდებარე 300 000 ლარზე მეტი ღირებულების 991 მ2 მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების მიზნით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა თითქოსდა ქალაქ ბაქოში, ნოტარიუსის მიერ გაცემული ყალბი მინდობილობა და ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მიწის ნაკვეთი საკუთარ თავზე დაირეგისტრირა.
„მიწის ნაკვეთი დღეის მდგომარეობით დაყადაღებულია.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.