აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარემ, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, მაისში დაგეგმილ ქალ ლიდერთა საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად მზაობა გამოხატა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარე მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე დაგეგმილ ქალ ლიდერთა საერთაშორისო კონფერენციაზე დღეს, ორბელიანების სასახლეში გამართული შეხვედრისას მოიწვია, რაზეც საჰიბა გაფაროვამ მზაობა გამოთქვა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების მეტად გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. წელს საქართველო და აზერბაიჯანი დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს აღნიშნავენ. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის დონის უფრო მაღალ ნიშნულზე აყვანის მნიშვნელობას, რასაც უთუოდ ხელს შეუწყობს საქართველოსა და აზერბაიჯანში უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების ხშირად განხორციელება.

“მხარეებმა ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, რეგიონში შექმნილ ვითარებაზე, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებსა და რეგიონში მშვიდობის მნიშვნელობაზე. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, ჩვენი რეგიონის რეალური განვითარებისა და კულტურული, ეკონომიკური, თუ სატრანზიტო პოტენციალის სრულად გამოყენებისათვის, საჭიროა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გამყარება.

საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას ქვეყნისათვის ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები