განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელა
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს, რომელიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან დაკავშირებულ საკითხებს დაარეგულირებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის, ლანა ცანავას განმარტებით, სამოქალაქო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის საკითხი ახლებურად დარეგულირდება სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირებისთვის.
ასევე, სამსახურის მოსამსახურეთა წახალისების ფორმად დაემატება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამკერდე ნიშნით, მედალიონითა და მედლით დაჯილდოება, ხოლო მეხანძრე-მაშველის მიმართ, გარდა აღნიშნული წახალისების ფორმებისა, შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამსახურის ჟეტონით დაჯილდოება.
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უფლებამოსილი იქნება, განახორციელოს მეხანძრე-მაშველთათვის საბაზისო სპეციალური პროფესიული განათლების, აგრეთვე მოსამსახურეთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების და კურსების მიწოდება. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.