პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულებისა და პრობაციონერების/ყოფილი პატიმრების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ბიზნესის წარმომადგენლებთან პირველი შეხვედრა გაიმართა
პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულებისა და პრობაციონერების/ყოფილი პატიმრების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ბიზნესის წარმომადგენლებთან პირველი შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების რეალიზაცია, ხელნაკეთი ნივთების შეძენა და ახალი საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა – ამ მიმართულებით მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გზები განიხილეს.
“იუსტიციის მინისტრის მოადგილემ საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ბუბა ლომუაშვილის განცხადებით, უპრეცედენტოა ის ფაქტი, რომ ბიზნეს სექტორს საკუთარი საქმიანობის პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელების შესაძლებლობა პირველად ეძლევა.
მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორმა თამთა დემურიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო. ღონისძიება დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და ბიზნესის წარმომადგენლების მიერ დასმულ შეკითხვებს სპეციალური პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელმა ნიკა ცხვარაშვილმა უპასუხა.
ღონისძიება მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ინიციატივითა და აშშ-ის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) მხარდაჭერით ჩატარდა. შეხვედრას კომპანია „გეფას“, „სოკარის“, „სარაჯიშვილის“, „მტევინოს“, „ტექნოლოგიური ჯგუფის“, „34GIGS”, „ნადი გრუპს“ კოლეჯი „იკაროსისა“ და “გრინ სოლუშენის” წარმომადგენლები დაესწრნენ.
ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში, კომპანია „მტევინოს“, „ტექნოლოგიურ ჯგუფსა“ და „34GIGS” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულება მსჯავრდებულების დასაქმებასა და პროფესიულ გადამზადებას ითვალისწინებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.