სანქციების ნაწილში გეტყვით, რომ საქართველოში გარკვეული ძალები ცდილობდნენ, შთაბეჭდილება შეექმნათ, თითქოს, საქართველო რაიმე ფორმით გეგმავს, გვერდის ავლის საშუალებები გააჩინოს ჩვენს ტერიტორიებზე – ეს სინამდვილეს არ შეესაბამება და კითხვებიც არ არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს არ აქვს ისეთი ეფექტიანი ეკონომიკური მექანიზმები, რომ რუსეთს სანქციები დაუწესოს.
„რაც შეეხება ინიციატივას რუსული საინფორმაციო არხების შეზღუდვაზე, მომავალი გვაჩვენებს, რაზე შეიძლება მუშაობის გაგრძელება და რაზე იქნება სხვა ფორმები მოსანახი.
საკითხი, როგორ შეიძლება, საქართველომ რუსეთს სანქციები დაუწესოს, რამდენჯერაც უნდა გავხსნათ ამაზე დისკუსია, საუბედუროდ, საქართველოს ისეთი ეფექტიანი ეკონომიკური მექანიზმები არ აქვს, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელი იქნება ისეთი ვითარების შექმნა, რაც უფრო უხერხულობას შეუქმნის რუსეთს, ვიდრე საქართველოს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.