ყველა უწყებაა მობილიზებული, მაქსიმალურად, დროულად იყოს შევსებული ეს კითხვარი და დროულად მივაწოდოთ ჩვენს ევროპელ კოლეგებსა და მეგობრებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა კახეთში, ჟურნალისტებს ევროკავშირის კითხვართან დაკავშირებით განუცხადა.
ღარიბაშვილმა გუშინ ამ მიზნით გამართულ კომისიის სხდომაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ იგი ხელმძღვანელობს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს.
„ჩვენ გუშინ უკვე განვიხილეთ აღნიშნული კითხვარის შესახებ ყველა საკითხი. ეს კითხვარი ჩვენ ორშაბათს მივიღეთ. 11 აპრილს გადაეცა საგარეო საქმეთა მინისტრს. ყველა უწყებაა მობილიზებული, მაქსიმალურად, დროულად იყოს შევსებული ეს კითხვარი და დროულად მივაწოდოთ ჩვენს ევროპელ კოლეგებსა და მეგობრებს.
მოლოდინი არის პოზიტიური. აქ არავითარი პრობლემური საკითხი არ არსებობს. არის კითხვები, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოწყობას, განვითარებას, ზოგადად, იმ რეფორმებსა და პროგრესს, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ. ასევე, რაც დასახული გვაქვს. მთელი მთავრობა, ასევე პარლამენტი ჩართულია ამ პროცესში. პირადად მე ვუწევ კოორდინაციას, რათა დროულად და ეფექტიანად მოხდეს ამ კითხვარის შევსება და ევროკომისიისთვის გადაცემა. ეს მაისის თვეში მოხდება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.