სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა პუტინი ჰიტლერს შეადარა
სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრი, იაროსლავ ნადი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, საკუთარ ქვეყანას “ფრონტის ხაზზე” მყოფს უწოდებს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს კი ადოლფ ჰიტლერს ადარებს.
ამის შესახებ მან The New York Times-თან საუბარში თქვა.
მინისტრის თქმით, უკრაინაში შეჭრამდე, მისი ქვეყნისთვის წარმოუდგენელი იყო აღმოსავლეთის საზღვრიდან უმარტივესი იარაღის დიდი რაოდენობით გაგზავნაც კი, რომ “აღარაფერი ვთქვათ ძველ, საბჭოურ, მაგრამ ძლიერ იარაღზე”.
“მაგრამ ეს არის ახალი მსოფლიო რეალობა. ჩვენ ვართ ფრონტის ხაზზე მყოფი ქვეყანა. ჩვენ გვაქვს ომი საზღვარზე და 330 000-ზე მეტი უკრაინელი ჩვენს ქვეყანაში შემოდის. ახლა პარადიგმა სრულიად განსხვავებულია”, – თქვა მან.
ნადის თქმით, პუტინი “ჰიტლერის ტოლია” და ის უკრაინაში უნდა იყოს შეჩერებული, სანამ დასავლეთში გადასვლას შეძლებს.
“უკრაინა, ფაქტობრივად, ჩვენი მომავლისთვის იბრძვის”, – განაცხადა მან.