“ნატო-ში შვედეთისა და ფინეთის შესვლით, რუსეთს მეტი მოწინააღმდეგე ეყოლება, ამას ცივი გონებით უნდა მივუდგეთ” – მედვედევი
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, ნატო-ში შვედეთისა და ფინეთის შესვლის შემდეგ, რუსეთს ოფიციალურად დარეგისტრირებული უფრო მეტი მოწინააღმდეგე ეყოლება.
ამის შესახებ მან ტელეგრამში დაწერა.
“შვედეთი და ფინეთი ცხოველური სერიოზულობით განიხილავენ ნატო-ში გაწევრიანების შესაძლებლობას. თავად ალიანსი მზადაა, მიიღოს ისინი უმოკლეს დროში და მინიმალური ბიუროკრატიული პროცედურით. ჩრდილოეთ ევროპის წარმომადგენლების მიმართ, Welcome!-ს შეერთებული შტატები ყველა მაუწყებლიდან აფიქსირებენ. მხოლოდ მოკრძალებულად დააკაკუნეთ და შეგიშვებთ ეგრევეო. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ რუსეთს ოფიციალურად დარეგისტრირებული უფრო მეტი მოწინააღმდეგე ეყოლება”, – განაცხადა მედვედევმა.
ამასთან, პოლიტიკოსი ამბობს, რომ რუსეთმა ალიანსის გაფართოებას ემოციების გარეშე, ცივი გონებით უნდა მიუდგეს.
„და როგორ უნდა ვრეაგირებდეთ ამაზე? პასუხი ნათელია: ემოციების გარეშე, ცივი გონებით. ნატო-ში რამდენი ქვეყანაა – ოცდაათი თუ ოცდათორმეტი, ჩვენთვის, მთლიანობაში არც ისე მნიშვნელოვანია. ორით ნაკლები თუ ორით მეტი – მათი მნიშვნელობიდან და მოსახლეობიდან გამომდინარე, არანაირი განსხვავება არ არის“, – წერს მედვედევი.