სომხეთის პრეზიდენტი: დამნაშავე ვარ, ხალხს არ ვუთხარი, რომ საერთაშორისო საზოგადოება ცალსახად აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას
დამნაშავე ვარ, 2018-2019 წლებში საზოგადოებას არ ვუთხარი, რომ ჩვენი ახლო და შორეული მეგობრები ჩვენგან ითხოვდნენ აზერბაიჯანისთვის 7 რაიონის გადაცემას ამა თუ იმ კონფიგურაციით და არცახის სტატუსის საკითხში თამასის დაწევას, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
ფაშინიანი თავს დამნაშავედ გრძნობს და აღნიშნავს, რომ ვალდებული იყო ყველაფერი სომეხი ხალხისთვის წარედგინა.
„დამნაშავე ვარ, 2018-2019 წლებში საზოგადოებას არ ვუთხარი, რომ ჩვენი ახლო და შორეული მეგობრები ჩვენგან ითხოვდნენ აზერბაიჯანისთვის 7 რაიონის გადაცემას ამა თუ იმ კონფიგურაციით და არცახის სტატუსის საკითხში თამასის დაწევას.
დამნაშავე ვარ, რომ ხალხს არ ვუთხარი, რომ საერთაშორისო საზოგადოება ცალსახად აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და მოელის, რომ ჩვენც ვაღიარებთ მას, მოელის, რომ აზერბაიჯანელები, რომელთაც ყარაბაღი დატოვეს, სრულფასოვნად იქნებიან ჩართული მთიანი ყარაბაღის მომავლის განსაზღვრასა და მართვაში.
დამნაშავე ვარ, რომ არ ვთქვი ცალსახად, რომ ჩვენთვის შემოთავაზებული სცენარებიც კი არ იყო მისაღები აზერბაიჯანისთვის და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები, ხან პირდაპირ, ხან დიპლომატიური გზით, ამბობდნენ, რომ ამ ყველაფრის სომხეთის მხარის მიერ მიღების შემთხვევაში, საჭირო იქნებოდა აზერბაიჯანის დარწმუნება, რომ ეს ყველაფერი მათაც მიეღოთ. ყველაფერი ეს ჩვენი ხალხისთვის უნდა წარმედგინა. ამაშია ჩემი ნამდვილი დანაშაული.
მიწების გადაცემით, ალბათ, გადავარჩენდი ათასობით სიცოცხლეს, ხოლო არგადაცემით, ფაქტობრივად, გავხდი იმ გადაწყვეტილების ავტორი, რომელმაც ათასობით მსხვერპლამდე მიგვიყვანა“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.