თამარ ტალიაშვილი – „სწორედ პარტია „ქართული ოცნების” ლიდერობით, საქართველომ გადადგა ყველაზე მნიშვნელოვანი და არსებითი ნაბიჯები ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით”

„დღეს ჩვენ ნამდვილად ვართ ისტორიული პროცესის თანამონაწილენი, ეს არის ისტორიული მომენტი, რადგან საქართველომ ევროკავშირისაგან მიიღო თვითშეფასების კითხვარი. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე. მე ასევე, მივესალმები ოპოზიციის არაერთი წარმომადგენლის პათოსს იმასთან დაკავშირებით, რომ საჭიროა ამ ისტორიულ პროცესში ერთიანობა”, – ამის შესახებ თამარ ტალიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად ამისა, ერთიანობის ნაცვლად, თვითშეფასების კითხვარს ოპოზიციის ძალიან ბევრი წარმომადგენელი და მთლიანად, რადიკალური ოპოზიცია დესტრუქციით და ქვეყნის მომავლისათვის მავნებლური ნაბიჯებითა და რიტორიკით დახვდა.

„თქვენთვის რთულად ასატანია ის მდგომარეობა, რომ სწორედ, პრემიერი ღარიბაშვილის ხელმოწერა არის საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე და ასევე, ეს ხელმოწერა არის იმ განაცხადზე, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით გააკეთა.

შეიძლება რთული იყოს აღიარება იმისა, რომ სწორედ პარტია „ქართული ოცნების” ლიდერობითა და ხელმძღვანელობით საქართველომ გადადგა ყველაზე მნიშვნელოვანი და არსებითი ნაბიჯები ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. მე გამოვიყენებ სალომე სამადაშვილის მიერ ნახსენებ ტერმინოლოგიას და ვიტყვი, რომ სამარცხვინო და გულისამრევი არის ანტაგონისტური დამოკიდებულება სახელისუფლებლო პარტიასთან მიმართებაში გადააქციო სახელმწიფოსთან ბრძოლად. სწორედ ეს არის სამარცხვინო და გულისამრევი”, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

მისი თქმით, ევროპაზე ყველაზე ხმამაღლა მოსაუბრე პირები ევროკავშირის დედაქალაქებში დროს და ენერგიას არ იშურებენ იმისათვის, რომ ქვეყნისთვის მავნებლური და დამაზიანებელი ნაბიჯები გადადგან. მისი თქმით, აღსანიშნავია ის გარემოება რომ როდესაც პარლამენტში, განიხილება და კენჭი ეყრება იმ კანონმდებლობას, რომელიც უკიდურესად აუცილებელია საქართველოს ევროკავშირის კანონმდებლობასთან ინტეგრაციისათვის, სწორედ, „ევროპაზე ძალიან ხმამაღლა მოსაუბრენი” სამწუხაროდ, არ მონაწილეობენ და მხარსაც არ უჭერენ ამ ჰარმონიზაციის პოლიტიკას. „სულ ორი კვირის წინ, მომხმარებელთა უფლებების შესახებ კანონს ვუყარეთ კენჭი და აქ ძალიან ბევრი ოპოზიციონერი, რომელიც ხმამაღლა საუბრობს და მოგვიწოდებს რეფორმებისკენ – არ მონაწილეობდა ამ პროცესში.

„საბოლოო ჯამში, მე ჩემი გამოსვლა მინდოდა დამეთმო განათლების მიმართულებით გადადგმულ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებზე, რომელიც მომზადდა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ლიდერობით, მაგრამ ის რაც ჩვენ დღეს პარლამენტში დავინახეთ, ეს მავნებლური რიტორიკა, უბრალოდ აუცილებელი იყო, რომ დამეფიქსირებინა ჩემი პოზიცია”, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

მისი თქმით, უკრაინას ხელისუფლებმა მხარს უჭერს ყველა მიმართულებით. მათ შორის, მნიშვნელოვანია, რომ როდესაც უკრაინას ასე უკიდურესად სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა უკრაინელი ბავშვებისათვის საქართველოში გაიხსნა უკრაინული სექტორი, სადაც უკრაინელ ბავშვებს თავის მშობლიურ ენაზე შეეძლებათ განათლების მიღება.
„თქვენ იცით „ქართული ოცნების” პოზიცია ყველა მიმართულებით მხარდაჭერასთან მიმართებაში. 2011 წელს თბილისის საჯარო სკოლაში უკრაინულმა სექტორმა ფუნქციონირება შეწყვიტა და დღეს, 11 წლის შემდეგ, იმ დროს როდესაც უკრაინას ასე უკიდურესად სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა, უკრაინელი ბავშვებისთვის საქართველოში გაიხსნა უკრაინული სექტორი, გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში და უკრაინელ ბავშვებს შეეძლებათ განათლება თავის მშობლიურ ენაზე მიიღონ”, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები