რომან გოცირიძე: სანქციებს არ შეერთებიხართ და სანქცირებულ საქონელს როგორ შეაჩერებთ?
„რუსეთის სახელმწიფო ეკონომიკური გაკოტრების ზღვარზეა. უკვე შერჩევითი დეფოლტი გამოცხადდა რუსეთში, ვალების გადახდა არ შეუძლიათ და ძალიან ბევრი, ეკონომიკის სექტორი არის გაჩერების პირას. ეს არის იმ სანქციების შედეგი, რომელიც არის რუსეთის აგრესიის შემაჩერებელი და რომელიც არის ერთ-ერთი საბრძოლო იარაღი იმისა, რომ გადარჩეს უკრაინა, გადარჩეს საქართველო და რუსეთმა ვერ გაბედოს გამოლაშქრება სხვა ქვეყნებისაკენ. და როდესაც საქართველოს ხელისუფლება სანქციებზე საუბრობს, იტყუება. ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ თურმე განსაკუთრებულად აკონტროლებენ საბაჟოს. პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ სანქცირებული საქონელი საქართველოდან ვერ შევა რუსეთში”, – ამის შესახებ ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია” წევრმა, რომან გოცირიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
დეპუტატმა კონკრეტული საბაჟო კოდი წარმოადგინა და განაცხადა, რომ ეს არის კოდი იმ სამშენებლო მასალებისა, რომელმაც გაანადგურა რუსეთის სამშენებლო სექტორი.
„ამ სასაქონლო კოდით რუსეთში შედიოდა და ახლა ვერ შედის უნიტაზები, აბაზანის სისტემები, მილები, ონკანები. სანქციების ქვეშ მოაყოლა ევროკავშირმა და ახლა რუსეთი იმას ფიქრობს, როგორმე, შემოიტანონ ჩინეთიდან, რაც ორჯერ გაუძვირდებათ, ლოგისტიკის ხაზის აწყობა ძალიან ძნელია, ხარისხიც სხვა არის. გაჩერდა მშენებლობა. ახლა მინდა, მთავრობას მივმართო, საქართველოში რომელიმე ფირმამ რომ იყიდოს 1000 უნიტაზი ევროპაში, შემოიტანოს საქართველოში და შემდეგ მიყიდოს რომელიმე რუსულ კომპანიას, ამას საბაჟოზე ვინმე გააჩერებს? ვერავინ გააჩერებს.
რადგან არც კანონი მიგიღია, არც ბრძანება გამოგიცია, არც სანქციებს შეერთებიხარ და სანქცირებულ საქონელს როგორ შეაჩერებთ. თქვენი ხელისუფლება, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ არ იყოს უკრაინის გვერდით, და არ გამოუცხადოს სოლიდარობა”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.