დავით ხაჯიშვილი – „ომი არ გვინდა, მაგრამ ღირსების და თავისუფლების დაკარგვაც არ გვინდა”

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია” წევრმა, დავით ხაჯიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება მეგობარ უკრაინას ნიშნისმოგებით და ულტიმატუმებით ელაპარაკება.

„რამდენიმე კვირის წინ ჩვენი პარტიის წევრები უკრაინაში ვიყავით და ჩვენს მეგობრებს ძალიან გაეხარდათ ჩვენი იქ ყოფნა. კიევში ჩასვლა ეს იყო ჩვენი მხრიდან მეგობრების მორალური მხარდაჭერა. კიევში დავესწარით უმაღლესი რადას სხდომას, სადაც ასევე მიწვეულნი იყვნენ ბალტიისპირეთის ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეები. გამიხარდებოდა, რომ იმ სხდომას, ჩვენ გარდა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს რომ დასწრებოდა. ეს იქნებოდა ნამდვილი მეგობრული ჟესტი, რომელიც სხვა მეგობარმა ქვეყნებმაც გამოიჩინეს.

ვიმედოვნებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს ამჯერად მაინც ვიხილავთ კიევში და არ მოიქცევით ისე როგორც იქცევით ახლა. მეგობარ სახელმწიფოს ნიშნისმოგებით, ულტიმატუმებით ელაპარაკებით. რისი მიღწევა გინდათ, ვერ გამიგია. ვის მხარეს ხართ საბოლოოდ გაგვარკვიეთ. ვინც კითხვას სვავს – „აბა, ომი გინდათ?” არა, მეგობრებო, ომი არ გვინდა და დარწმუნებული ვარ ამ დარბაზში მსხდომ ადამიანებსაც არ უნდათ, მაგრამ არ გვინდა ღირსების და თავისუფლების დაკარგვა, რომლის საფრთხის წინაშეც დღეს ამ ხელისუფლებამ დაგვაყენა”, – განაცხადა დავით ხაჯიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები