დავით ზილფიმიანი: კიდევ უფრო მეტად და ძლიერად უნდა ჩააბაროს თითოეულმა პოლიტიკოსმა თავის თავს ანგარიში და იქნებ ახლა მაინც ავარიდოთ თავი ქიშპობას

„ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, დავით ზილფიმიანმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე უკრაინაში განვითარებულ რუსულ აგრესიასა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.

„მსოფლიოსა და ევროპაში მიმდინარეობს სასტიკი და დაუნდობელი ომი, როგორიც კაცობრიობის ისტორიაში არ ყოფილა. ეს ომი არ ინდობს არც ქალებს და არც ბავშვებს. ვთხოვ კოლეგებს, დიდი სიფრთხილით მოეკიდონ ამ საკითხს. ურთულესი წნეხის ქვეშ არის დღეს ხელისუფლება. არ ვიცი, რა არის ახლა სწორი და უკეთესი. ერთი მხრივ, ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას ამ ომის საზღვრების ჩვენთან შეხება და მეორე მხრივ როდესაც ეს ომი დამთავრდება, ჩვენ იმ პირობებში უნდა ვიყოთ, რასაც ყველა ვცდილობთ – ევროკავშირში აღმოვჩნდეთ. რადგან დიდი ხანი, ათწლეულობით იქნება მტარვალი იზოლირებულ მდგომარეობაში, ეს სიტყვა ათწლეული სხვათა შორის ომის გაგრძელებაზე უკრაინის ხელმძღვანელობამაც თავად თქვა. ისინი ომის ამ ვადებში გაგრძელებას მოიაზრებენ“ – განაცხადა ზილფიმიანმა.

დეპუტატმა ასევე კოლეგებს მოუწოდა, ქიშპობა შეწყვიტონ და სწორად შეარჩიონ ისეთი პოლიტიკა, რომელიც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას ხელს არ შეუშლის.

„ამ პირობებში, კიდევ უფრო მეტად და ძლიერად უნდა ჩააბაროს თითოეულმა პოლიტიკოსმა თავის თავს ანგარიში და იქნებ ახლა მაინც ავარიდოთ თავი ქიშპობას, რომ ერთი მხრივ სწორად იყოს შერჩეული პოლიტიკა, რომელიც ქვეყანას არ დააზიანებს და მეორე მხრივ მივაღწიოთ მიზანს, რომლის განხილვაც ახლა ხდება“, – განაცხადა დავით ზილფიმიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები