საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისარს შეხვდნენ
პარლამენტში უმრავლესობის წევრებსა და ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისარ, კაირატ აბდრახმანოვს შორის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საქართველოში ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვასა და არაქართველი მოსახლეობისთვის სპეციალური სასწავლო პროგრამების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
„კაირატ აბდრახმანოვის საქმიანობა იმ თემებთან არის დაკავშირებული, რაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს უკავშირდება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა სამართლებრივ სტატუსსა და მათ მდგომარეობას სახელმწიფოში. შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის მიმდინარეობის შესახებ ვისაუბრეთ, რომლებიც საქართველოში ხორციელდება და ხაზი გაესვა მათ მნიშვნელობას და მხარდაჭერას. სტუმართან საუბრისას ყურადღება სხვადასხვა მიმართულებაში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა გააქტიურებასა და მეტ ჩართულობაზე გავამახვილე. საუბარია როგორც პოლიტიკური უფლებების განხორციელებაზე, ასევე სოციალურ და კულტურულ მიმართულებებსა და სახელმწიფო ენის ცოდნის დონის გაუმჯობესების საჭიროებაზე“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
უმაღლესმა კომისარმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძესთან და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი ამილახვართან შეხვედრისას სახელმწიფოს მხრიდან ეროვნული უმცირესობების მიმართ გატარებული ღონისძიებები მოიწონა და მათ დადებით შეფასება მისცა.
„შეხვედრაზე უმაღლეს კომისარს დეტალურად გავაცანით ინფორმაცია, თუ რას აკეთებს საქართველო ეთნიკური უმცირესობის განათლების კუთხით. ეს შეეხება ქართული ენის სწავლებას როგორც სასკოლო, ასევე უმაღლესი განათლების საფეხურებზე. სტუმართან ვისაუბრეთ, თუ რა ხედვები აქვს ამ კუთხით სახელმწიფოს და როგორ ვაპირებთ ამ პროგრამების კიდევ უფრო გაუმჯობესებას. უმაღლესმა კომისარმა ძალიან მოიწონა სახელმწიფოს მიერ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
ეუთოს უმაღლეს კომისართან გამართულ შეხვედრას პარლამენტის წევრები თამარ ტალიაშვილი, ხათუნა კვიციანი, ზაურ დარგალი და სავალან მირზოევი დაესწრნენ.