ხატია დეკანოიძე: ვინც ევროინტეგრაციის გზაზე იქნება საქართველოს დაბრკოლება, ის იქნება თითოეული ჩვენგანის მტერი
“რაც არ უნდა არ მოგვწონდეს ჩვენ ერთმანეთი, სხვადასხვა მხარეს, ჩვენს შვილებს ვალდებულნი ვართ, შევუქმნათ ის გარემო, რომლისთვისაც თავი გასწირეს საქართველოს მოქალაქეებმა, ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა და ჩვენმა უკრაინელმა მეგობრებმა. თუ ჩვენ ამ მისიას ვერ შევასრულებთ, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველო ევროკავშირში უნდა გაწევრიანდეს, არცერთ მხარეს არ აპატიებს ჩვენი მომავალი თაობა”, – ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“- “ თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„კითხვარი არის გაცილებით მნიშვნელოვანი, ვიდრე რომელიმე პოლიტიკური პარტიის ერთგულება. ნებისმიერი ვინც, ევროინტეგრაციის გზაზე იქნება საქართველოს დაბრკოლება, ეს იქნება საქართველოს და თითოეული ჩვენგანის მტერი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი, რეფორმების გატარებაა.
„ევროკავშირისთვის გვჭირდება სასამართლოს რეფორმის საგზაო რუკა, ადამიანის უფლებების დაცვა, ძალაუფლების გადანაწილება, უკრაინის ძალიან ერთგული და პირდაპირი მხარდაჭერა. თუ რამით შეფასდება ჩვენი ევროპული მომავალი, პირველ ყოვლისა, ეს იქნება ზუსტად უკრაინის მხარდაჭერა,“ – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.
ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს კითხვარი გადაეცა.