პაატა მანჯგალაძე: ეს არის შანსი ყველასთვის, რომ ჩვენი ერთიანობით, არა პარტიული დაყოფით, შევქმნათ ევროპასთან ინტეგრაციის შესაძლებლობა

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფის” წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტს აქვს ისტორიული შანსი, რომ ერთიანობით, არა პარტიული დაყოფით შექმნას შესაძლებლობა საქართველოსა და მომავალი თაობისთვის, რამდენადაც საქართველო არასდროს ყოფილა ასე ახლოს ევროპულ ინტეგრაციასთან, ევროკავშირის წევრობასთან, როგორც დღეს.

„ეს არის ჩვენი, ყველას პასუხისმგებლობა. მე არ ვაპირებ ნიშნისმოგებით საუბარს, მაგრამ არსებობს საკითხები, რომლებსაც აუცილებლად უნდა უპასუხოს უმრავლესობამ, როცა ერთიანობაზე ვლაპარაკობთ. მხედველობაში მაქვს ბოლოდროინდელი განცხადებები, რომელსაც აკეთებს პარტიის თავმჯდომარე და საქართველოს პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

„ქართული ოცნების,, თავმჯდომარემ წამოაყენა ულტიმატუმი უკრაინულ მხარესთან, იმისთვის, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ჩავიდეს უკრაინაში, თურმე აუცილებელია, უკრაინის პრეზიდენტმა თანამდებობიდან გადააყენოს რუსეთთან მოლაპარაკებაში მთავარი ფიგურა არახამია. პრაგმატიზმი ჰქვია ამას, რომ ომში მყოფ ქვეყანას, რომელიც ყოველდღიურად იბრძვის თავისუფლებისთვის რუსული აგრესიის წინააღმდეგ ასეთი ენით უნდა ველაპარაკოთ?”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

პაატა მანჯგალაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოში მეორე ფრონტის შესახებ გაკეთებულ განცხადებებზე.

„არა მარტო პარლამენტში, საქართველოში არ არსებობს ადამიანი, ვისაც უნდა რომ საქართველომ თავდასხმითი ომი აწარმოოს რუსეთთან. ან რამე პროვოკაციას წამოეგოს. ეს უნდა დავასრულოთ. ერთიანობაა საჭირო, ვინც ყოფს, ვინც ხლეჩს, ვინც აპირისპირებს ის არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს”.
„ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ აგრძელებთ რაღაც მაამებლურ განცხადებას რუსეთთან დაკავშირებით, რუსეთთან ურთიერთობის დალაგება რომ ყოფილიყო შესაძლებელი, შევარდნაძეს ვინმე აჯობებდით? რუსეთთან დალაგება შეიძლება მხოლოდ ქართული ინტერესების საწინააღმდეგოდ და არავის არ ვურჩევ, რომ ასეთი გადაწყვეტილებები მიიღოთ”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები