ანა ნაცვლიშვილი: ევროკავშირის კითხვარის შევსება ისტორიული მნიშვნელობის ამოცანაა
პარლამენტის წევრი, ანა ნაცვლიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კითხვარის გადაცემას გამოეხმაურა და კითხვარის შევსების პროცესი ისტორიული მნიშვნელობის ამოცანად შეაფასა.
„მინდა, შევუერთდე იმ ადამიანების გულწრფელ სიხარულს, ვისაც ჩვენი ქვეყნის წარსულის, აწმყოსა და მომავლისთვის, ისტორიული მომენტის მნიშვნელობა ესმის, როდესაც ჩვენ მივიღეთ მართლაც გამოწვდილი ხელი ევროკავშირისგან კითხვარის სახით. ამ კითხვარის შევსება არ არის ტექნიკური საკითხი, ეს არის ისტორიული მნიშვნელობის ამოცანა, რომელმაც ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოს უნდა გაიყვანოს.
მინდა, გამოვეხმაურო მაკა ბოჭორიშვილის გამოსვლას, რომელმაც ახსენა, რომ – „ყველამ თავისი წილი აგური უნდა დადოს და არავინ არ უნდა ჩახერგოს ევროპისკენ მიმავალი გზა”. აბსოლუტურად გეთანხმებით ამ სიტყვებში, მაგრამ ამ სიტყვებმა რეალური დატვირთვა რომ შეიძინოს და არ დარჩეს ცარიელ სიტყვებად, მინდა, პარლამენტის ტრიბუნიდან მმართველ პარტიას და შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს მოვუწოდო – გახსენით ეს პროცესი! ქართველ ხალხს უფლება აქვს იცოდეს რა კითხვები ჩამოვიდა ევროკავშირისგან და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ქართველ ხალხს უფლება აქვს იცოდეს რა პასუხებს გაგზავნის მისი სახელით ხელისუფლება ბრიუსელში. თუ ეს პროცესი არ იქნება გახსნილი, გამჭვირვალე და საზოგადოებას არ მისცემს მასში ჩართვის და კონსტრუქციული როლის შესრულების შესაძლებლობას, მერე უკვე ვეღარ მოითხოვთ კონსტრუქციულობას ვერავისგან. პარლამენტს მიეცით სრული შესაძლებლობა, განსაკუთრებით ოპოზიციის ჩართულობით, რეალური საპარლამენტო ზედამხედველობა განხორციელდეს ამ პროცესზე”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.