ირაკლი კობახიძე: საუბარია არა ულტიმატუმზე, არამედ ჯანსაღ ურთიერთობებზე, რომ ერთ ხელისუფლებას მეორე ხელისუფლების მიერ კრიმინალებად აღიარებული პირები არ ჰყავდეს

არავითარ ულტიმატუმზე არ არის საუბარი, უბრალოდ, როდესაც საუბარია ხელისუფლებებს შორის ჯანსაღ ურთიერთობებზე, ასეთ დროს პრინციპულია, რომ ერთ ხელისუფლებას მეორე ხელისუფლების მიერ კრიმინალებად აღიარებული პირები არ ჰყავდეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძე ოპოზიციის მიერ მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კრიმინალი ვინ არის, ყველამ კარგად იცის.

„აქედანაც ჩანს, როგორი „ფეიკები“ არიან ეს ადამიანები, სამი ადამიანის გათავისუფლებაზე იყო საუბარი იმისთვის, რომ ხელისუფლებებს შორის იყოს სუფთა ურთიერთობები, ამათ თქვეს მეოთხე – არახამია, ეს არის ტყუილი. არახამიაზე მე ვთქვი, რომ შუამავალია, მაგრამ რაც შეეხება გათავისუფლებას, როცა გათავისუფლებაზე იყო საუბარი, საუბარი იყო კრიმინალებზე. კრიმინალები ვინ არიან ვიცით, ეს არის სააკაშვილი – უმძიმესი კრიმინალი. ადეიშვილი, ასევე უმძიმესი კრიმინალი და ლორთქიფანიძე, ასევე უმძიმესი კრიმინალი, რომლებსაც უმძიმეს დანაშაულებში აქვთ მიღებული მონაწილეობა და არა მარტო მონაწილეობა, ისინი ლიდერები იყვნენ დანაშაულებრივი რეჟიმის. შესაბამისად, საუბარი იყო კრიმინალების გათავისუფლებაზე, მათ მაინც და მაინც აარჩიეს არახამია, ვისზეც არ იყო საუბარი, აქედან ჩანს მათი „ფეიკ“ ბუნება. აქ არავითარ ულტიმატუმზე არ არის საუბარი, უბრალოდ, როდესაც საუბარია ხელისუფლებებს შორის ჯანსაღ ურთიერთობებზე, ასეთ დროს პრინციპულია, რომ ერთ ხელისუფლებას მეორე ხელისუფლების მიერ კრიმინალებად აღიარებული პირები არ ჰყავდეს. თქვენ წარმოიდგინეთ, იანუკოვიჩი რომ იყოს ჩვენთან რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი, ეს რა თქმა უნდა, გააფუჭებდა ურთიერთობას უკრაინას და საქართველოს შორის“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამ თემაზეა საუბარი და მთავარი თემა არის უკრაინის ხელისუფლებაში კრიმინალების ყოფნა, რადგან, მისი თქმით, ეს არის ყველა პრობლემის წყარო.

„სწორედ ამ კრიმინალების ხელისუფლებაში ყოფნის შედეგია ელჩის გაწვევა. რაც გვაქვს ალოგიკური ნაბიჯი, ერთადერთი ლოგიკური ახსნა ამ ყველაფრის არის ის, რომ ქართველი კრიმინალები არიან უკრაინის ხელისუფლებაში. ასევე, ცრუ ბრალდება კონტრაბანდასთან დაკავშირებით. ეს ცრუ ბრალდებაც არ იქნებოდა გაჟღერებული უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, რომ არა ეს ქართველი კრიმინალები უკრაინის ხელისუფლებაში. სამივე თემა არის მარტივი: ქართველი კრიმინალები არ უნდა იყვნენ უკრაინის ხელისუფლებაში, ეს არის პირველ რიგში უკრაინის ხელისუფლების ინტერესებში, სწორედ იმის გამო, რომ გაჯანსაღდეს ვითარება, მათ შორის ომის თვალსაზრისითაც, ომი რომ არის უკრაინაში და ასეთი მძიმე მდგომარეობა და ამ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებენ სააკაშვილი, ლორთქიფანიძე, ადეიშვილი და სხვები თავიანთი ნაბიჯებით საქართველოს მიმართ, სწორედ ამიტომ არის საჭირო მათი გათავისუფლება. უკრაინას მაქსიმალურად მჭიდრო კომუნიკაცია სჭირდება ყველა ქვეყანასთან, მათ შორის, საქართველოსთან, რომელიც არის ძალიან მოწყვლადი და ჩვენ გვაქვს სტრატეგიული ინტერესები ერთმანეთის მიმართ. ასეთ დროს უკრაინის ლოგიკურ ინტერესებშია, უკრაინას ჰქონდეს სუფთა ურთიერთობა ყოველგვარი ელჩების გაწვევის გარეშე და ალოგიკური ნაბიჯების გარეშე, ასეთ დროს უკრაინას ურევს ვითარებას რამდენიმე კრიმინალი – სააკაშვილი, ადეიშვილი, ლორთქიფანიძე. ამ კრიმინალების გათავისუფლება უკრაინის ხელისუფლებისგან იმის ჭრილშიც არის მნიშვნელოვანი უკრაინისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები