საფრანგეთმა ექვსი რუსი ჯაშუში პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
საფრანგეთის ხელისუფლებამ დიპლომატიურ საფარქვეშ მოქმედი ექვსი რუსი ჯაშუში ქვეყნიდან გააძევა.
ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
როგორც ქვეყნის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, საფრანგეთმა ჯაშუშების გაძევების მიზეზად მათი საქმიანობა დაასახელა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.
„ძალიან ხანგრძლივი გამოძიების შემდეგ, შიდა უსაფრთხოების მთავარმა სამმართველომ (DGSI) კვირას, 10 აპრილს ფარული ოპერაცია გამოავლინა, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ჩვენს ტერიტორიაზე ჩატარდა. ექვსი რუსი აგენტი, რომლებიც დიპლომატიურ საფარქვეშ მოქმედებდნენ, პერსონა ნონ გრატად გამოცხადდნენ“, – აღნიშნულია საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადებაში.