ესპანეთი საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს
ესპანეთი საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს, – ამის შესახებ განცხადებას ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ესპანეთი არ ცნობს 2022 წლის 10 აპრილს საქართველოს რეგიონში ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, ესპანეთი ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.
ცნობისთვის, ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველადი შედეგების მიხედვით, მეორე ტური გაიმართება. ე.წ. არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს დე ფაქტო ლიდერი – ანატოლი ბიბილოვი და ალან გაგლოევი დაუპირისპირდებიან. ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 10 აპრილს გაიმართა.