“ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში ომის ახალი ტალღა დაიწყება, იქნება ურთულესი ბრძოლები” – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთის ომის ახალი ტალღა ქვეყნის აღმოსავლეთით და სამხრეთით დაიწყება და იქნება ურთულესი ბრძოლები.
ამის შესახებ მან CBS-ის გადაცემა 60 წუთისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტს ჰკითხეს, რას ელოდება უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში.
“იქნება ერთ-ერთი ურთულესი ბრძოლა. არაერთი ბრძოლა იქნება. ვფიქრობთ, ეს იქნება ამ ომის ახალი ტალღა. არ ვიცით, ტექნიკის რა რაოდენობა იქნება და გვესმის, რომ ბევრად მეტი იქნება, ვიდრე ახლა. ვხედავთ სამხედროების, ტექნიკის დაგროვებას ჩვენი სახელმწიფოს აღმოსავლეთით და სამხრეთით. ჩვენ ვიცით ყველა იმ დერეფანზე, სადაც მტერი წავა. გვესმის, რას აპირებს და გვესმის, რომ იმ სიჩქარის მიხედვით, თუ როგორ დაგვეხმარებიან, და პირველ რიგში, ამერიკის შეერთებული შტატები, თუ რა სისწრაფით შეუძლიათ იარაღის გადმოცემა, გულწრფელად გეტყვით, იქნება დამოკიდებული გავუძლებთ ამას თუ არა”, – ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, სახელმწიფოს მეთაურმა დასძინა, რომ 100%-ით დარწმუნებულია უკრაინის მოქალაქეებსა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებში.
“მაგრამ მე არ ვარ დარწმუნებული, რომ მივიღებთ ყველაფერს, რაც გვჭირდება, სამწუხაროდ!”, – თქვა ზელენსკიმ.