ფინანსთა მინისტრი: საგამოძიებო სამსახური 46 ქოლცენტრშია შესული
ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საგამოძიებო სამსახურს ამ დროისთვის 46 ქოლცენტრი ჰყავს იდენტიფიცირებული. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, დაწესებულებებს შეჩერებული აქვთ საქმიანობა და გამოძიება სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს.
“სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამოძიება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე საგამოძიებო სამსახური 46 ქოლცენტრშია შესული, სადაც იკვეთება, რომ შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს არალეგალურ საქმიანობას. ბუნებრივია, ასეთ ქოლცენტრებს საქმიანობა შეჩერებული აქვთ და სხვადასხვა მიმართულებით გამოძიება მიმდინარეობს, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და საგადასახადო შემოწმებები”, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მუშავდება.
“გამოიკვეთა იმის საჭიროებაც, რომ მოხდეს საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებაც იმისთვის, რომ მომავალში მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს მსგავსი შემთხვევების პრევენცია. აღნიშული ცვლილებები შემუშავების ეტაპზეა და უახლოეს პერიოდში საქართველოს მთავრობას განსახილველად წარედგინება”, – აღნიშნა ხუციშვილმა.