რუსეთის მტკიცებით, უკრაინისთვის მიწოდებული 4 ცალი С-300 გაანადგურეს
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, იგორ კონაშენკოვის მტკიცებით, მათმა ძალებმა გაანადგურეს სარაკეტო-საზენიტო სისტემა С-300-ის 4 გამშვები დანადგარი, რომელიც უკრაინამ დასავლური ქვეყნებისგან მიიღო.
კონაშენკოვის თქმით, ანგარში მდგომი დანადგარების გასანადგურებლად რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გამოიყენეს მაღალი სიზუსტის კალიბრის ტიპის რაკეტები, რასაც 25-მდე უკრაინელი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა. მისი თქმით, თავდასხმა ქალაქ დნეპროპეტროვსკის მახლობლად განხორციელდა.
ამას გარდა, რუსული მხარე ამბობს, რომ ნიკოლაევის ოლქის დასახლებულ პუნქტთან, სტარობოგდანოვკასთან და ხარკოვის ოლქში, ჩუგუევში გაანადგურეს С-300-ის გამშვები დანადგარები. რუსული მედია წერდა, რომ მათ შორის იყო უკრაინისთვის სლოვაკეთის მიერ გადაცემული С-300-იც.