The Times: ფინეთი და შვედეთი ნატო-ში შესვლის განაცხადს უკვე ზაფხულში გააკეთებენ
შვედეთი და ფინეთი ნატო-ში წევრობის განაცხადის შეტანას უკვე ამ ზაფხულს გეგმავენ. ამის შესახებ გაზეთი The Times-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.
ოფიციალური პირების თქმით, რუსეთმა “დიდი სტრატეგიული შეცდომა”დაუშვა, რადგან ფინეთი და შვედეთი მზად არიან, ნატო-ს უკვე ზაფხულში შეუერთდნენ.
აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ სკანდინავიის ორივე ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებავგასულ კვირას ალიანსის მინისტერიალზე საუბრების თემა და მრავალი შეხვედრების საგანი იყო. მინისტერიალზე შვედეთი და ფინეთი იყვნენ მიწვეული.
„როგორ შეიძლება, ეს იყოს სხვა რამე, თუ არა პუტინის უზარმაზარი სტრატეგიული შეცდომა?“, – თქვა ერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.
მოსალოდნელია, რომ ფინეთი განაცხადს ივნისში შეიტანს, შვედეთი კი შემდეგი იქნება.
მანამდე, ფინეთის პრემიერმინისტრმა, სანა მარინმა განაცხადა, რომ დადგა დრო, ფინეთმა ნატო-ს მიმართ პოზიციას სერიოზულად გადახედოს.
”რუსეთი არ არის ის მეზობელი, რომელიც ჩვენ გვეგონა,” – თქვა მან და გამოვიდა მოწოდებით, იყოს მიღებული გადაწყვეტილება ”საფუძვლიანად, მაგრამ სწრაფად”.
„ვფიქრობ, გვექნება ძალიან საფუძვლიანი დისკუსიები, მაგრამ ჩვენ ასევე არ დავხარჯავთ ამ პროცესზე იმაზე მეტ დროს, ვიდრე საჭიროა, რადგან სიტუაცია ძალიან რთულია“, – დასძინა მარინმა.
The Times აღნიშნავს, რომ ნატო-ში ფინეთისა და შვედეთის შესვლა პუტინის ჩრდილო-დასავლეთ ფლანგზე ჯარების გადანაწილებას გამოიწვევს, რის გამოც მას საკუთარი ჯარის კიდევ უფრო გაფართოება მოუწევს, რომელიც ისედაც მძიმედ დაზარალდა უკრაინის წინააღმდეგობისა და ხანგრძლივი კონფლიქტის შედეგად.
ამასთანავე, ევროპელი დიპლომატები აღნიშნავენ, რომ ორივე ქვეყანა საგრძნობლად გააფართოებს ნატო-ს შესაძლებლობებს, განსაკუთრებით, დაზვერვის შეგროვებისა და საჰაერო ძალების გაძლიერების კუთხით.
ერთ-ერთი დიპლომატის თქმით, შვედეთი და ფინეთი ბლოკში “ნამდვილი მოთამაშეები” იქნებიან.