რატომ გამყარდა ლარი და შენარჩუნდება თუ არა ტენდენცია – ეკონომისტ გიორგი ცუცქირიძის განმარტება

რატომ გამყარდა ლარი და შენარჩუნდება თუ არა ტენდენცია – ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტება ეკონომისტმა, გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„დღეს ლარის კურსი შედარებით დასტაბილურებულია. მინდა, გასაგებად ვთქვა: მარტის თვეში, როცა 10 რიცხვამდე კურსის ყველაზე მაღალი რყევა დაფიქსირდა, ეს 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებასთან იყო დაკავშირებული, რამაც აჟიოტაჟი და ნეგატიური მოლოდინები წარმოქმნა. თუმცა, 10 მარტის შემდეგ, შედარებითი სტაბილიზაციის, ანუ ლარის გამყარების პერიოდი გვაქვს. დღეს ლარი დოლართან მიმართებით იმ წერტილს უბრუნდება, რაც 24 თებერვლამდე, ანუ ომის ფაქტორამდე იყო. ყველას აინტერესებს, ხვალ რა იქნება. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება ჩვენი საგარეო-სავაჭრო ბალანსი, ან მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. ლარის გამყარება არა მარტო აჟიოტაჟის ჩაცხრობამ, არამედ მაკროეკონომიკურმა ფუნდამენტურმა ფაქტორებმაც განაპირობა. იანვარ – თებერვალში ექსპორტის სარეკორდი ზრდა გვქონდა, რაც სავალუტო ბალანსში ერთერთი მთავარი ფაქტორია.
დღეს არ გვაქვს იმის ნეგატიური მოლოდინი, რომ ლარის კურსი გაუფასურდება. ლარის კურსის დინამიკა, გარდა განწყობებისა, რომელიც პერიოდულად შეიძლება, ნეგატიურმა მოლოდინებმა შექმნას, მთლიანად მაკროფაქტორებზეა დამოკიდებული. მაკროფაქტორები დამოკიდებულია ექსპორტზე, ფულად გზავნილებზე, ტურიზმზე. ზაფხული მოდის, ტურიზმი აღმავალ ტრენდეზე მიდის, ფულადი გზავნილები რუსეთის ფაქტორის გამო, გარკვეულწილად, შემცირდება, მაგრამ ის ხომ ერთადერთი ფაქტორი არაა? პირველ კვარტალში ნორმალური მაჩვენებლები, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება. ლარის კურსიც სტაბილური იქნება.
ლარის კურსია ახლა 3.10-ის ქვემოთაა. კურსი 3.10 -3.15- ის ფარგლებში უფრო იქნება, ეს მეორე კვარტალში საშუალო კურსია. შეიძლება, ლარი ცოტათი გაუფასურდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მყისიერად გავარდება, რყევის მაქსიმალურ ამპლიტუდაზე ავა, როგორც მარტში იყო, როცა ნეგატიური აჟიოტაჟი წარმოიქმნა“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

ცნობისთვის, დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0857 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.3822 ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები