იაგო ხვიჩია: თუ საქართველო გახდა კონტრაბანდული დერეფანი, ეს არ დაიმალება, მტკიცებულებებიც დაიდება
“თუ საქართველო გახდა კონტრაბანდული დერეფანი, ეს არ დაიმალება, მტკიცებულებებიც დაიდება. გაფრთხილება მოგვცეს, რამეზე ხელი არ წაგიცდეთო”, – ასე გამოეხმაურა “გირჩის” წევრი, იაგო ხვიჩია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
მისივე თქმით, საკითხს მეტი დეტალიზაცია სჭირდება.
„უბრალოდ, რას ნიშნავს კონტრაბანდული დერეფანი, ამას უფრო მეტი დეტალიზაცია სჭირდება და, ალბათ, თუ საქართველო გახდა კონტრაბანდული დერეფანი, ეს არ დაიმალება. მტკიცებულებებიც დაიდება და ადამიანებიც გამოჩნდებიან, რომლებიც ამ საქმეში გარეულები არიან. ამიტომ, დაველოდებოდი მოვლენების განვითარებას და ვისურვებდი, არ ამხდარიყოს ის პროგნოზი, რაზეც ვსაუბრობთ. გაფრთხილება მოგვცეს, რამეზე ხელი არ წაგიცდეთო, ჩემი აზრით, ამას ნიშნავს ეს განცხადება. მე მგონია, რომ ამერიკული დაზვერვის ინფორმაციაც ექნება უკრაინულ მხარეს და პირიქით – უკრაინული ინფორმაცია ექნება ამერიკულ მხარეს, უბრალოდ, ვინ გაახმოვანებს ამ ინფორმაციას, ეს სხვა გარემოებაა”, – განაცხადა ხვიჩიამ.
ცნობისთვის, გუშინ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, რუსეთი, საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის თანხმობით, საქართველოს ტერიტორიის გავლით, დასავლეთის მიერ სანქციათა სიაში შეყვანილი საქონლის, მათ შორის, სამხედრო დანიშნულების ტვირთის კონტრაბანდის არხს აყალიბებს.