საქართველოს პრემიერმინისტრი დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ იეპე კოფოდს შეხვდა.
მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველო-დანიის ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.
“საუბარი შეეხო აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გავლენას.
ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და უსაფრთხოების გამოწვევებზე. აღინიშნა, რომ დანია საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძლიერი და მკაფიო მხარდამჭერია.
შეხვედრის ერთ-ერთი განსახილველი თემა იყო საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული ოფიციალური განაცხადი. პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ ამ პროცესში საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერის იმედი აქვს. დანიის მხრიდან აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით საქართველოს სრული მხარდაჭერა ექნება.
საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის თანამშრომლობას დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) ფარგლებში. აღინიშნა, რომ პროგრამა წლებია, წარმატებით მიმდინარეობს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს დემოკრატიული და ინსტიტუციური ტრანსფორმაციის პროცესში. განიხილეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები და ამ მიმართულებით შემდგომი ერთობლივი ნაბიჯები. აღინიშნა, რომ ამ სფეროში კიდევ უფრო მეტი პოტენციალი არსებობს და ორივე მხარის სურვილია, მეტი დანიური კომპანია და ინვესტიცია იყოს წარმოდგენილი საქართველოში.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე – ბერტელ ჰორდერი, პოლიტიკური დირექტორი – კრისტინა მარკუს ლასენი, დანიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინასა და საქართველოში – ულე ეგბერგ მიკელსენი, მინისტრის მრჩეველი – ულე რიუდალ სვენსონი, უფროსი მრჩეველი უილიამ ბო,ხოლო ქართული მხრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი – ილია დარჩიაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიის სამეფოში – ნატა მენაბდე ესწრებოდნენ.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge