სოზარ სუბარი: უკრაინისადმი ურყევი მხარდაჭერის პარალელურად, საქართველო აუცილებლად შეინარჩუნებს მშვიდობას
„ჩვენ მტკიცედ და არაორაზროვნად ვიმეორებთ, რომ, უკრაინისადმი ურყევი მხარდაჭერის პარალელურად, საქართველო აუცილებლად შეინარჩუნებს მშვიდობას!”, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მისი განცხადებით, უკრაინაში ომის დაწყების პირველივე წუთებიდან საქართველოში გააქტიურდა „ომის პარტია”, რომლის მიზანია საქართველოს ომში ჩართვა.
„სწორედ ამას ნიშნავს, როცა პირდაპირი ტექსტებით მოგვიწოდებენ, რომ რუსეთი დასუსტდა და სწორედ ახლა დადგა დრო, როცა საქართველომ დაკარგული ტერიტორიები უნდა დაიბრუნოს; რომ სასწრაფოდ, სწორედ ამ ცხელ დღეებში უნდა დავიწყოთ გამალებული შეიარაღება; რომ სახელმწიფომ სპეციალური თვითმფრინავებით უნდა გააგზავნოს შეიარაღებული მოხალისეები უკრაინის მხარდასაჭერად და ა.შ. ჩამოთვლას აღარ გავაგრძელებ… და როდესაც ჩვენ მტკიცედ და არაორაზროვნად ვიმეორებთ, რომ უკრაინისადმი ურყევი მხარდაჭერის პარალელურად, საქართველო აუცილებლად შეინარჩუნებს მშვიდობას, ეს იწვევს შეურაცხმყოფელ თავდასხმებს საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის მიმართ. „ომის პარტიის” წარმომადგენელი ქართველი პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების არაერთ განცხადებას აღარ გავიმეორებ, მაგრამ პირდაპირ ვიტყვი, რომ სრულიად მიუღებელია, როცა მეგობარი ქვეყნის პოლიტიკოსები თუ მაღალი თანამდებობის პირები პირდაპირი ტექსტით მოგვიწოდებენ ომში ჩართვისკენ. ძალიან რბილად ვიტყვი, რომ მეგობარი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან მსგავსი განცხადებები ძალიან არამეგობრული და მიუღებელია”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.