მათიკაშვილი – ბოკერიაზე: მისი სურვილი, “ნაცმოძრაობა” ან მისი ელემენტები რევოლუციით დაბრუნდნენ ისევ ხელისუფლებაში, ფიასკოსთვისაა განწირული
მისი სურვილები, რომ ამბოხის, დესტრუქციის, რევოლუციების, რაღაც კონსტრუქციისა და კანონის დარღვევით თვითონ, „ნაციონალური მოძრაობა“ ან მსგავსი ელემენტები ოდესმე დაბრუნდნენ საქართველოს ხელისუფლებაში, რა თქმა უნდა, ფიასკოსთვისაა განწირული, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი “ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილის გზა იანუკოვიჩის გზაა.
მათიკაშვილის თქმით, ბოკერია და მისი პარტია დესტრუქციის ქვეყნის საჭიროებად გასაღებას ცდილობენ.
„ბოკერია და მისი პარტია ყოველთვის ცდილობს, დესტრუქცია გაასაღოს ქვეყნის საჭიროებად და ცდილობს, ისეთი პარალელი გაავლოს, სადაც შეცდომა და ხალხის მოტყუება იქნება ამოსავალი წერტილი. ცხადია, რომ მას იანუკოვიჩთან პარალელის გავლება შეუძლია, მაგრამ გაავლოს მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით, რომელიც პარალელების და მსგავსების ძალიან ფართო სპექტრს იძლევა. მისი სურვილები, რომ ამბოხის, დესტრუქციის, რევოლუციების, რაღაც კონსტრუქციისა და კანონის დარღვევით თვითონ, „ნაციონალური მოძრაობა“ ან მსგავსი ელემენტები ოდესმე დაბრუნდნენ საქართველოს ხელისუფლებაში, რა თქმა უნდა, ფიასკოსთვისაა განწირული“,- აღნიშნა მათიკაშვილმა.